ᲡᲐᲓ ᲕᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲓᲐ ᲡᲐᲓ ᲕᲐᲠᲗ?!
ნინი გოგიშვილი
სოფიო მურთაზაშვილი
ლგბტ უფლებების კუთხით პირველი წინგადადგმული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროსაბჭოში გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული. 2000-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია მოხდა. თუმცა, დღესდღეობით მეზობელ ქვეყნებში ლგბტ თემის ჰეტეროსექსუალებთან გათანაბრებაზე საუბარი ზედმეტია. მეტიც, საკუთარი უფლებების დაცვისთვის, ღირსების მარშის ჩატარებისთვის სჯიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ამ ფონზე სამართლებრივი თვალსაზრისით მათი უფლებები ყველაზე უკეთ საქართველოშია დაცული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2012 წელს პირველად გავიდნენ აქტივისტები ქუჩაში და ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა და სახელმწიფოს მხრიდან სუსტი დაცვის მიუხედავად კი ისინი დღემდე უკან არ იხევენ. საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘ
ირანიდან მართული ისლამისტური დაჯგუფებები საზოგადოებას ლგბტ პირების წინააღმდეგ განაწყობენ.
აზერბაიჯანი იმ ქვეყანათა სიაშია, სადაც ჰომოსექსუალიზმი კანონით არ ისჯება. მთავრობის წევრებს კი, როდესაც ქვეყნის დემოკრატიულობისა და დასავლური ორიენტაციის ხაზგასმა სურთ ამბობენ, რომ ლგბტ პირები 2000-იანი წლიდან კრიმინალებად აღარ განიხილებიან. თუმცა, რეალურად ისინი დღემდე დაუცველები არიან. მეტიც, ტრადიციული წარმოდგენების რღვევა იშვიათად ხდება და ისიც მხოლოდ ბაქოს ინტელექტუალთა ვიწრო წრეებში. ამის ნათელი მაგალითი ხელოვანი ბაბი ბადალოვი გახლავთ. ის წლების მანძილზე საკუთარ ორიენტაციას მალავდა, ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, მალვით მალევე დაიღალა და ოჯახს სიმართლე განუცხადა. მათი რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო - ძმა მოკვლით დაემუქრა, დამ კი ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. საბოლოო ჯამში, ხელოვანი მშობლიური ქვეყნიდან გარიყეს და საფრანგეთმა თავშესაფარი მისცა.
„პირადად მე მყავდა გეი კურსელი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვმეგობრობდი. ერთ დღეს ლექციების შემდეგ გასეირნება გადავიწყვიტეთ. ამ დროს ჩემი ძმა ომარი შეგვხვდა და გამოგვყვა. მალევე ქცევებითა და საუბრით მიხვდა, რომ ის ჰომოსექსუალი გახდლათ. იმ დღის შემდეგ ოჯახმა მასთან მეგობრობა ამიკრძალა. ასეთი შემთხვევები მხოლოდ მე არ გადამხდენია. იმ ამბიდან კი სულ რაღაც 3 წელი გავიდა,“
გულშან ალიბაიანი.
2012 წელს ქვეყანაში პირველი გეი კლუბი გაიხსნა. თუმცა, ეს ბევრს არ ნიშნავს. ერთი შეხედვით ლიბერალურ ისლამურ ქვეყანაში ყველაფერი სულ სხვანაირად არის. გახსნიდან რამდენიმე კვირაში კლუბში პოლიცია შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები ძალის გამოყენებით გარეთ გაყარა. ამ მოვლენიდან 9 წელი გავიდა, ჰომოსექსუალიზმი კი კვლავ იატაკქვეშა მოვლენად დარჩა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თუ ქუჩაში ხელიხელ ჩაკიდებულები დადიან საზოგადოება თვლის, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან.
„დიახ, დღემდე ჩვენი ხალხი თავს იტყუებს. საჯაროდ კოცნა ტაბუდადებულია, ხოლო გვერდიგვერდ სიარული მისაღები. ბებიაჩემს ჰგონია, რომ ჩვენს გარშემო ჰომოსექსუალები არ ცხოვრობენ. ხშირად უთქვამს - ჩვენი ერი მხოლოდ ნამდვილ, ღირსებულ და კარგ ჯარისკაცებს ზრდისო,“ - გვეუბნება გულშან ალიბაიანი.
ამასთან, რელიგიური დაჯგუფებები სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. კერძოდ, ისლამისტური დაჯგუფებები საზოგადოებას ლგბტ პირების წინააღმდეგ განაწყობენ. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ირანიდან იმართებიან, სადაც ჰომოსექსუალიზმი სიკვდილით ისჯება.
მიუხედავად მკაცრი პირობებისა და კორონავირუსის პანდემიისა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა უკან არ დაიხიეს. მათ აზერბაიჯანში ონლაინ მარში ჩაატარეს. შექმნეს ღია რუკა Google Maps- ზე, აღნიშნეს საკუთარი ადგილმდებარეობა და ცისარტყელას დროშა განათავსეს. აღნიშნულ პერფომანსს ქვეყანაში 250-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘ
სომხეთში ქვიარ ადამიანები კვალიფიცირდებიან ფსიქიურად აშლილ პიროვნებებად და იგზავნებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
2013 წელს მომღერალი არმინა ოგანეზოვი, სასცენო ფსევდონიმით „ცომაკი“ იძულებული გახდა საკუთარი ორიენტაციის გამო მშობლიური ქვეყანა დაეტოვებინა. ხელოვანის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საჯარო აღიარება და მალევე საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა. მეტიც, მისივე პაბში სამმა ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილები შეყარა. მათი მთავარი მიზანი, მომღერლის სიკვდილი იყო. დამნაშაავებს პოლიტიკოსებმა საჯაროდ მხარი დაუჭირეს. პარლამენტის წევრებმა არცვიკ მინასიანმა და ჰრაირ კარაპეტიამა მათ გასათავისუფლებლად გირაო გადაიხადეს. ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზოვმა კი კლუბზე თავდასხმა მოიწონა. ამასთან, არმინა ოგანეზოვის დაწესებულებაზე თავდასხმის ფაქტზე საქმე აღიძრა მატერიალური ზიანის მიყენებისთვის და არა იმ აშკარა მოტივისთვის, რომელიც დამნაშავეებს ამოძრავებდათ.
მიუხედავად საზოგადოების მხრიდან ზეწოლისა მათ 2013 წლის 21 მაისს „მრავალფეროვნების მარში“ ჩაატარეს. მრავალრიცხოვანი დემონსტრანტები, რომლებიც მარშს დაუპირისპირდნენ ჯერ პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ, შემდეგ კი მასში მონაწილე პირებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მალევე მათ დაცვაზე უარი განაცხადა და ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა ღონისძიება გააუქმეს.
„ერევანში არის პატარა პარკი სახელად კომაიგი, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები იკრიბებიან ხოლმე. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ მასშტაბურად არავინ აპროტესტებს. თუმცა, დაახლოებით 2 წლის წინ გავიგე, რომ პარკში მჯდომი ორი ადამიანი სასტიკად სცემეს. პოლიცია იქვე იდგა და რეაგირება არ ჰქონია. როგორც ვიცი, ამ ადგილას თუ შეგამჩნიეს ამოგითვალწუნებენ და გამარჯობასაც აღარ გეტყვიან“
სოფია ჩარბუდაგიანმა.
ორგანიზიაცია PINK Armenia-ს მიერ 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვით 72% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უნდა გაატაროს. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლგბტ პირებს ეკრძალებად სამხედრო სამსახურში მონაწილეობის მიღება. ისინი კვალიფიცირდებიან, როგორც ფსიქიურად აშლილ პიროვნებად და იგზავნებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
„წელს ჰომოსექსუალთა ღონისძიება არ ჩატარებულა. ამას ყარაბაღის ომთან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან ვაკავშირებ. თუმცა, არც მანამდე ტარდებოდა მასშტაბური აქციები. მაგ, 2018 წელს ერევანში მხოლოდ 25 - მდე მოქალაქემ ერთსაათიანი აქცია-მსვლელობა მოაწყო,“- სოფია ჩარბუდაგიანი.
ისინი ყველა გზით ცდილობენ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას. 17 მაისს სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “Pink Armenia”-მ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ეროვნული კრების დეპუტატებს, სამინისტროებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, პროკურატურასა და პოლიციას წერილები მისწერა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ლგბტ პირთა პრობლემები. ორგანიზაციას არცერთი უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
თურქეთის ხელისუფლება ქვიარ ადამიანებთან პირდაპირ ომშია ჩაბმული.
მიმდინარე წლის 27 ივნისს სტამბოლის ცენტრში „პრაიდის აღლუმის“ ჩასატარებლად ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა, 20 ადამიანი კი დააკავა. მათ შორის არის ფოტოჟურნალისტი. სამართალდამცველთა მხრიდან მსგავსი სახის რეაგირება პირველი არ არის - 2016 წელს ლგბტ პირთა გამოსვლა რეზინის ტყვიებისა და ცრემლ სადენი გაზის გამოყენებით დასრულდა. ხელისუფლებამ პოლიციის ასეთი რეაგირება "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით" გაამართლა.
როგორც ვხვდებით, მეზობელ თურქეთში მცხოვრები ლგბტ ადამიანები დაახლოებით იმავე პრობლემებს აწყდებიან, რასაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. თუმცა, არსებობს განსხვავებაც. ისინი თითქმის ყოველ წელს ცდილობენ დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში მარშის ჩატარებით საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვას.
„თურქეთში 2008 წლიდან ვცხოვრობ. რასაც დავაკვირდი, ადრე უფრო მეტად აქტიურები იყვნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ვიდრე ახლა. მახსენდება 2014 წელი, როდესაც პრაიდს 100 000-მდე ადამიანი შემოერთდა. წინა წლებშიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ. ალბათ, ამ სიტუაციის გათვალისწინებით ხელისუფლება შეშინდა და ზომები უფრო მეტად გაამკაცრა,“
ტეფიკა იანგინი
სამართალდამცველთა მწვავე რეაგირების გარდა ჰომოსექსუალიზმს ხელისუფლება სხვადასხვა საშუალებებითაც ებრძვის. კერძოდ, 2018 წელს თურქეთის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელმა საბჭომ ადგილობრივი ტელეკომპანია დააჯარიმა, რომელმაც ეთერში მომღერალ P!nk-ის მუსიკალური კლიპი “Secrets” აჩვენა. ჯარიმის საფუძველი კლიპში ორი კაცის ერთად ცეკვა გახდა, რაც საბჭომ “ჰომოსექსუალური ხასიათის ეროტიკულ ცეკვად” შეაფასა. ტელეკომპანია 17000 ლირით (დაახლოებით 2218 ლარი) დაჯარიმდა. იმავე წლის იანვარში თითქმის მილიონი ლირით დაჯარიმდა ტელეარხი, რომელმაც კონკურსში მონაწილე 7-დან 11 წლამდე გოგოების ცეკვა აჩვენა. საბაბად უწყებამ მაყურებლის მიერ სცენის “ბავშვზე ძალადობად” მიჩნევა დაასახელა.
„ბებიაჩემისგან გავიგე, რომ ჰომოსექსუალობა 1923 წელს გახდა ლეგალური. ანუ მაშინ, როდესაც ოსმალეთის იმპერია არსებობდა. 2003 წელს კი ქვეყანაში პირველი პრაიდი ჩატარდა. შესაბამისად, თურქეთი ამ კუთხით პირველი მუსლიმური სახელმწიფო გახდა,“ - ტეფიკა იანგინი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ხელისუფლებამ 2015 წლიდან ლგბტ პირების შეკრების ჩატარება აკრძალა. 2017 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით კი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ყველა ღონისძიება აიკრძალა, რომელიც რაიმე ფორმით უკავშირდება ჰომოსექსუალთა თემატიკას. “სიძულვილისა და მტრობის გაღვივების საფრთხე”, “საზოგადოებრივი უსაფრთხოება”, “ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა”, “სოციალური სენსიტიურობა” - ამ მიზეზებით ხსნის თვითმმართველობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
პუტინისტურ რუსეთში ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ სასტიკი, ძალადობრივი მანქანაა ამოქმედებული.
რუსეთში 2013 წელს "არასრულწლოვანებისთვის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა" აიკრძალა. შესაბამისად, ქვეყანაში ლგბტ+ თემის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება გახლავთ. ჰომოსექსუალები ჯერ კიდევ დგანან ძალადობის, შევიწროების, დისკრიმინაციის წინაშე და სამართალდამცავი სისტემა ხშირად თვალს ხუჭავს სიძულვილის ენასა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე.
გასულ წელს კრემლში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ჰომოსექსუალიზმის აღმნიშვნელი დროშა გამოფინეს. მალევე პუტინის რუსეთმა საელჩოების ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და უკანონო უწოდა. ალბათ, კრემლის პოზიცია იმდენად კრიტიკული აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელს ელჩებმა მსგავსი სახის პერფომანსი აღარ მოაწყვეს.
მიუხედავად რუსეთის მკაცრი წესებისა 2018 წელს 60-მდე ადამიანმა სანკტ-პეტერბურგში აქცია სახელად - „შენ შეძლებ“ ჩაატარა. იმის გამო, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მათ აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, ლგბტ აქტივისტები ტერიტორიაზე ცალ-ცალკე განთავსდნენ. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლებმა ეს მაინც მასობრივ ღონისძიებად შეაფასეს და აქტივისტები აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში დააკავეს. ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, დაჭერილი ორი აქტივისტი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილ ავტობუსში ჰყავდათ გაჩერებული. სიცხის გამო ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო დახმარებასაც მიმართეს.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც - აღნიშნულ აქციამდე ორგანიზატორებმა ქალაქის მთავრობას ნებართვისთვის რამდენჯერმე მიმართეს და მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის სხვადასხვა ადგილი და დროც შესთავაზეს. თუმცა, ხელისუფლებამ მათ ყველა მიმართვაზე უარი განაცხადა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დაასახელა. ლგბტ აქტივისტებმა გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც მიიჩნია, რომ ხელისუფლების უარი კანონიერი იყო. მთავრობის წარმომადგენელმა კი სხდომაზე განაცხადეს, რომ აქციის ჩატარებაზე აქტივისტები ნებართვას ვერც მომავალში მიიღებენ, რადგან ის არღვევს არასრულწლოვანთა შორის "გეი პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ კანონს.
„დაახლოებით 10 წელია ლგბტ+ წარმომადგენლები სანკტ-პეტერბურგში მშვიდობიანი აქციის ჩატარებას უშედეგოდ ცდილობენ. სახელმწიფო არცერთ შემთხევაში მსვლელობის გამართვას არ დაუშვებს. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და არც აქტიურობით იწუხებენ თავს,“