
ნინი ქობალია
თემო მელიქიშვილი
თანასწორობისთვის ბრძოლას მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა, მას დღემდე ახლავს პროტესტი. სულ ბოლოს, 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა საქართველოში ჩაშალეს ღირსების მარში და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 53 წარმომადგენელს. ტვ-პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
53 ჟურნალისტი არ დაშავებულა არცერთი აქციის დროს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი. 5 ივლისი არის ამბავი იმისა, როგორ გაურბიან ამ ქვეყანაში ძალაუფლების მქონე პირები ანგარიშვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე.
რა მოხდა 5 ივლისს მედიისთვის? რატომ ეშინიათ კამერის? და სად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა?!

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲗᲐᲕᲘ
ფოტო: მთის ამბები
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ლგბტქ თემის წევრებს, სურდათ, ესარგებლათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით - გამოხატვის თავისუფლებით. რუსთაველზე გამოჩენილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა წინასწარ გაცხადებული გეზი მალევე შეცვალეს და დაიწყეს ჟურნალისტების დევნა - ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ შემდეგ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ.
მედია ექსპერტების თქმით, 5 ივლისს ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა, რაზეც საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთადაა პასულისმგებელი. მეტიც, მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმას „მწვანე შუქი“ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აუნთო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ზვიად ქორიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრემიერის პოლიტიკურ დოქტრინაში მკაფიოდ ჩანს ლიბერალურ-დემოკრატიული გარემოს უარყოფა. მისი განცხადებით, რაკი პრემიერისთვის მიუღებელია თანასწორობის იდეა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მისთვის თავისუფალი მედიაც მიუღებელია. ამ დამოკიდებულებას კი კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს, რომელიც ისევ და ისევ ჟურნალისტიკის როლსა და ფუნქციაშია დამალული. ქორიძის განმარტებით, მედია იმიტომ იყო ძალადობის მსხვერპლი, რომ საერთო საზოგადოებაში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ეს დღევანდელ მთავრობას არ მოსწონს.

ღარიბაშვილი ღიად ამბობს, რომ სხვაგვარი ქვეყნის აშენება უნდა, სადაც იქნება უმრავლესობის დიქტატურა და არ იქნება გათვალისწინებული უმცირესობების აზრი, ანუ არ სჭირდება თავისუფალი მედია და მას სჯის
ზვიად ქორიძე
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲔᲙᲔᲗᲔᲑᲘᲜᲐ 5 ᲘᲕᲚᲘᲡᲡ ᲓᲐ ᲠᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲓᲔᲡ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲐ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?
მედია ექსპერტი, ნინო დანელია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა მედიის მუშაობის სტილია. არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, ეს კითხვები კი ძირითადად ხელისუფლებისთვის არაკომფორტულია. ჩვენს ქვეყანაში მთავრობა ჟურნალისტებს ხშირად პოლიტიკურ იარლიყს აკრავს, უცხადებს ბოიკოტს და მასხრად იგდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მედია საზოგადოებას ამცნობს, როგორ განკარგავს მთავრობა მათ მიერ ბოძებულ ძალაუფლებას.
5 ივლისის მოვლენები ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშზეა. მას ეკისრება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მარტივად ვთქვათ, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ძალადობა, ჯერ სიტყვით და შემდეგ უკვე საქმით - ეს დეკლარირებულ განცხადებაშიც უნდა ჩანდეს, ეს მისი მოვალეობაა
ნინო დანელია

ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲯᲒᲣᲤᲔᲑᲘ
აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიციამ ვერ დაიცვა, დაუცველი იყო ტურისტიც, რომელიც ქალაქში გადაადგილდებოდა და საყურის ტარების გამო დაჭრეს. სამართალდამცველთა უმოქმედობით საფრთხე შეექმნა კონკრეტული პირების კერძო საკუთრებასა და პირადი სივრცეს. „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში ტვ პირველის გადამღები გუნდი პირისპირ აღმოჩნდა ძალადობრივ ჯგუფთან, მათ უსაფრთხოებაზე კი მხოლოდ ერთი პოლიციელი ზრუნავდა. აქ ჩნდება კითხვა, რატომ ვერ აღასრულა სამართალდამცავმა ორგანომ, ის პროაქტიული ვალდებულება რაც მას აკისრია? ზვიად ქორიძის აზრით, შესაძლოა არსებობს ორი მიზეზი, ‘’პირველი არაპროფესიონალიზმი - სამართალდამცველმა არ იცოდა, როგორ დაეცვა მედია, და მეორე -
მან მიიღო ბრძანება, რომ არ ემოქმედა.“
დღის 10 საათზე „ღირსების მარში“ არ იწყებოდა, მაგრამ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მაინც შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც პარლამენტის წინ განლაგებული კარვების დარბევას აშუქებდნენ. სწორედ ამ დროს დაიწყო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლინებაც.
სხვა მრავალ მიზეზთან ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ კიდევ 2 მიზეზზე, თუ რატომ მოხვდა მედია ძალადობრივი ჯგუფების ფოკუსში. პირველი, თუ მარში დაიწყებოდა ავტომატურად მოხდებოდა მათი დარბევაც, რისი დოკუმენტირების საშუალება არ უნდა ყოფილიყო. მეორე, მედიას ჰქონდა სოლიდარული დამოკიდებულება თბილისი პრაიდის ღონისძიებების მიმართ. ზვიად ქორიძის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო მთავრობისთვის საკმაოდ ადვილი გახდა რადიკალური ჯგუფების წაქეზება.
როდესაც ამდენი აგრესიული ადამიანი გამოგყავს ქუჩაში, მათ აუცილებლად უნდა მისცე შესაძლებლობა ამ აგრესიისგან დაიცალონ. ჯოხი ჟურნალისტებზე გადატეხეს, ადვილი იყო მათთან ანგარიშსწორება. პლუს ამას, მედია არ მოსწონს მთავრობას, იმ დღეს კი შექმნეს, შესაბამისი იდეოლოგიური საბურველი, რასაც ახლა ვისმენთ-მედიამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. სხვანაირად მოქცეულიყვნენ და არ სცემდნენ