top of page
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲞᲠᲐᲘᲓᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝ
ცისია კირვალიძე
მარიამ დავითაძე
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Work
„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის“. - ამ სიტყვებით მიმართა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს. შედეგმაც არ დააყოვნა - აგრესია, რომელიც ძალადობრივ ჯგუფებს ლგბტ+ თემის მიმართ ჰქონდათ, ჟურნალისტებზე გადავიდა. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა - მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა.
რას ნიშნავს ღმერთისთვის ძალადობა? ქრისტიანობა ძალადობას არ ქადაგებს, ეს დეკანოზ ცქიფურიშვილს კარგად უნდა სცოდნოდა. ის, რომ ღმერთის სახელით ადამიანების ცემა დაუშვებელია, იცოდა მეუფე იოანემაც, რომელიც მშვიდად უყურებდა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავას. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა დუმილის შემდეგ მოძალადეების გამართლება გადაწყვიტა - ქადაგებისას მრევლს მოატყუა, რომ ჟურნალისტს ხელზე ლგბტ დროშა ჰქონდა შემოკრული.
9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლგბტ+ აქტივისტებმა ქუჩაში გამოსვლა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვა გადაწყვიტეს - 9 წელია, ცისარტყელას ფერების გვერდით ჭინჭრით შეიარაღებულ მრევლს, ტაბურეტმომარჯვებულ სასულიერო პირებს, საცემად მომართულ ჯვრის ფორმის კომბლებსა და პოლიციის სუსტ კორდონებს ვხედავთ.
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი საპატრიარქოში დაიბარეს და „სასტიკი საყვედური“ გამოუცხადეს, თუმცა, ფაქტია, რომ ლგბტ+ თემის მიმართ აგრესია, რომელსაც საპატრიარქო წლების განმავლობაში თესავდა და აღვივებდა, საყვედურით არ დასრულდება.
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Text
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირი - 2012 წელს, მაშინ, როდესაც ლგბტ+ თემმა პირველი მარშის გამართვა გადაწყვიტა, მათ გზა რელიგიისა და წმინდანების სახელით გადაუღობეს. სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ 2013 წელს თანამოქალაქეების დარბევაშიც. ჭინჭრით შეიარაღებულ მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა ბასილ მკალავიშვილი, ათასობით მოძალადე გამოიყვანა ქორეპისკოპოსმა იაკობმაც. მათ პოლიციის ცუდად ორგანიზებული კორდონი გაარღვიეს და უმცირესობების წარმომადგენლებზე იძალადეს.
აქტივისტები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. კონტრაქციის მონაწილეები ავტობუსებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. 2014 წელს ილია მეორემ გადაწყვიტა, რომ 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიათან ბრძოლის დღე, ოჯახის სიწმინდის დღეს გამოეცხადებინა - 2014-დან ქუჩაში მრევლის გამოსვლას იმ სიწმინდის დაცვის მიზნით ხსნიან, რომელსაც, ამტკიცებენ, რომ ლგბტ+ ადამიანები ბღალავენ. ბოლო რამდენიმე წელია, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე აქტივისტები აქციის გამართვის ადგილს არ ასაჯაროვებენ, სასულიერო პირები კი ქუჩებს მანქანებიდან აკურთხებენ.
„ქუდზე კაცი გავიდეს, ამ საშინელ გათახსირებას არ მივცემთ ადგილს“. - ამბობდა სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი 2021 წელს დაგეგმილ ღირსების მარშზე. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებდა, რომ მარშს ძალით თუ ჩაატარებდნენ, „რაღაც არეულობა“ მოჰყვებოდა. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე კი საზოგადოებას მოუწოდებდა, დაეჯერებინათ პრორუსი ბიზნესმენისა და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერ ლევან ვასაძისთვის. 5 ივლისს სასულიერო პირები მრევლთან ერთად ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბნენ - მათი ნაწილი ძალადობაზე მალევე გადავიდა, დაარბიეს პარლამენტის წინ მდებარე კარვები, ამის შემდეგ კი ჟურნალისტებზე და ქუჩაში შემხვედრ მათგან განსხვავებული გარეგნობის მქონდე ადამიანებზე, მათ შორის, ბავშვებზეც დაიწყეს ძალადობა. ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ პარლამენტთან მრევლმა იცეკვა - მათ სასულიერო პირები უკრავდნენ ტაშს. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო ხედავდა, მის მიერ მობილიზებული ჯგუფები თანამოქალაქეებზე ძალადობდნენ, დღისწესრგი არ შეუცვლია, ძალადობას მხოლოდ უოფიციალურ განცხადებებში გაემიჯნა, სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა და საღამოს მოსაყდრე შიომ პარაკლისიც ჩაატარა.
2021 წელს საქართველოს საპატრიარქომ მოქმედების გეგმაში ცვლილება შეიტანა - მრევლს წინა დღეს მოუწოდა, რომ ქაშუეთთან, სადაც იყო მოლოდინი, რომ დაპირისპირება იქნებოდა, ბავშვების მიყვანა სთხოვა.
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Text
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Pro Gallery
„რამდენჯერაც არ იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ყოველთვის, ჩვენს ეკლესიასთან ერთად. იმიტომ, რომ ჩვენ 20 საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ეს ასე გაგრძელდება, ეს არის ჩვენი მოწოდება.
დღეს ვწუხვართ იმის გამო, რომ იყო გადაცდომები, გვატყობინებენ, რომ იყო სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები. ჩვენ ამასაც ვერ ვღებულობთ და ვემიჯნებით, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებდით“. - თქვა მოსაყდრე შიომ პარაკლისის შემდეგ.
რატომ ებრძვის საპატრიარქო ლგბტ+ თემს და რა წილი პასუხისმგებლობა აქვს უმცირესობებზე ძალადობაში - ამ საკითხებზე დეკანოზ ზაზა თევზაძეს ვესაუბრეთ. მამა ზაზა ამბობს, რომ საპატრიარქო ცდილობს, თავი ერზე მზრუნველ ორგანიზაციად წარმოაჩინოს, მისივე სიტყვებით, სწორედ უმცირესობების ზნეობრივ საფრთხედ გამოაცხადებაზე დგას მათი რეიტინგი.
„საპატრიარქო ნორმალურად ვერ აფასებს, რომ მთელი დასავლური ცივილიზაცია აგებულია ადამიანის უფლებებზე. მე, როგორც ქრისტიანი მოძღვარი და მღვდელმსახური, ვამბობ, რომ იესო ქრისტემ რაც ამ ქვეყანაზე მოიტანა, ეს არის ადამიანი, როგორც უმაღლესი ღირებულება. მან ადამიანი თავისზე მაღლაც კი დააყენა, იმიტომ, რომ მისთვის მოკვდა. ამიტომ, ადამიანების უფლებების დაცვა, მისი ღირსების დაცვა, მასზე ზრუნვა არის უმაღლესი ქრისტიანული ღირებულება, რომელზე მაღლაც არაფერი არ დგას.
[...] ლგბტ თემი იმის გამო არ არის განსხვავებული, რომ ეს გარყვნილებაა, თავსმოხვეულია და შეიძლება, ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს. ეს მტკნარი სისულელე და სიცრუეა, რომლითაც ადამიანებს აშინებენ. ნონსენსია ის, რომ ეკლესიებში 90%-ს პირბადე არ უკეთია, სექსუალური უმცირესობა კი გადამდებად მიაჩნიათ. ეს უფრო ფსიქოზი და პარანოიაა“. - გვეუბნება დეკანოზი ზაზა თევზაძე.
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Text
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Video
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიზანი მასებზე ძალაუფლებისა და გავლენების შენარჩუნებაა, ამიტომ, თბილისი პრაიდის საკითხს ზნეობისა და მორალის, ქრისტიანული ტრადიციების კუთხით თავის სასარგებლოდ იყენებს.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერი არის მათი ორგანიზებული და წახალისებული. ეს თავის დაძვრენაა, რათა პასუხისმგებლობა აიშორონ და პასუხი არ აგონ ჩადენილ დანაშაულზე. რეალურად, ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილი იყო - მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც მოხდებოდა, რომ გამეორდებოდა 2013 წლის მაისის მდგომარეობა. არ იყო რა გარშემო ლგბტ თემი, მათ შური იძიეს ჟურნალისტებზე“. - გვეუბნება მამა ილია.
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Video
„საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?“. - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში მათ წილ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. დეკანოზი ანდრია ამბობს, რომ არა საპატრიარქო, არამედ პირიქით, საპატრიარქოზე ძალადობენ, როდესაც 5 ივლისის შემდეგ გამართულ აქციებზე „საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა“. დეკანოზმა ანდრიამ ჟურნალისტებს სთხოვა, დეკანოზი ცქიფურიშვილის მოწოდების გარდა მისთვის ეჩვენებინათ შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირი ძალადობდა ან ძალადობისკენ მოუწოდებდა და ზომებს აუცილებლად მიიღებენ.
ანდრია ჯაღმაიძემ განცხადება 13 ივლისს გააკეთა. ამავე დღეს უთხრა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს - „შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება“. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს საპატრიარქოს ზომები არ მიუღია.
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Text
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲞᲠᲐᲘᲓᲘᲡ 10 ᲬᲔᲚᲘ
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Text
თბილისი პრაიდი და საპატრიარქო: Video
bottom of page